logo
ENG



"ვისაც მამა ჩემსავით გიყვართ, აიცერით!" - ქალი, რომელსაც კორონავირუსმა მამა წაართვა

11 აგვ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/11/pkfu9z5ty07m7u0.jpg

ხატია ლომიძე, რომელსაც კორონავირუსმა მამა წაართვა, მოქალაქეებს სთხოვს, აიცრან, რათა სხვებმაც არ გამოსცადონ ის ტკივილი, რაც თავად გამოიარა. 

"ვისაც მამა ჩემსავით გიყვართ, გთხოვთ, აიცერით!

მამა რეანიმაციაში 2 თვეზე მეტხანს იწვა და მისი დისტანციურად ნახვის შესაძლებლობა ორჯერ მომეცა. ერთმანეთის ხმა არ გვესმოდა, მარტო იმას ვხედავდი ნიკაპი როგორ უკანკალებდა და ხელის მოძრაობით შიგნით შესვლას როგორ მთხოვდა.

მინდოდა, ექიმს კარგად აეხსნა, რატომ არ მიშვებდნენ და წამით მაინც არ ეფიქრა, რომ მისი ნახვა არ მინდოდა ან შემეშინდა. ექიმს უკითხავს, ვინ არისო და ჩემი პატარა გოგოო.

როგორ მიხაროდა, რომ მიცნო.

მეორედ ნახვისას პირბადე მოვიხსენი, ჩემი “მხნე” სახე რო ენახა, იმის ნიშნად რო მის გადარჩენაში დარწმუნებული ვიყავი და იმედი არ დაეკარგა. აპარატიდან მოხსნისა და გაღვიძების შემდეგ ყოველ დღე ვეკითხებოდი ექიმს, ჩემთან რამის თქმას თუ აბარებდა, მხოლოდ ერთხელ შემომითვალა, სახლში როდის წამიყვანსო.

რეანიმაციამდე კი, პალატიდან ბოლო საუბრისას მითხრა, რომ კარგად ვერ იყო და ხვალ დამერეკა.

ეს “ხვალ” არ მოვიდა.

მე მამა სახლში გარდაცვლილი წამოვიყვანე.

მამა ჩემი გმირია და მან ეს ბრძოლა წააგო. გთხოვთ, აიცერით! გვეყოფა სიკვდილთან წაგებული ამდენი დების, ძმების, დედების, მამების, მეუღლეების სიცოცხლე". - წერს ხატია ლომიძე. 

საქართველოში კორონავირუსს 6230 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 48 ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინაცია იცავს სიკვდილისგან. საქართველოში ამ ეტაპზე რამდენიმე დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი.


close დახურვა